საფრანგეთმა იპოვა მოკავშირეები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც უკრაინაში ჯარების პოტენციური გაგზავნისთვის მზად არიან - Politico

საფრანგეთი აყალიბებს ქვეყნების ალიანსს, რომლებიც მზად არიან უკრაინაში დასავლური ჯარების პოტენციური გაგზავნისთვის, რითაც ამ პროცესში უფრო ფრთხილ ბერლინთან დაპირისპირებას გააღრმავებს. შესაბამის სტატიას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე ლიეტუვაში შეხვდა თავის კოლეგებს უკრაინიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რათა განეხილათ მათი ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის იდეა, მათ შორის, ტერიტორიების განაღმვაში დასახმარებლად.


როგორც ცნობილია, მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინაში უცხოური ჯარები გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ბერლინი და მრავალი სხვა დედაქალაქი ამის წინააღმდეგია.


„რუსეთმა ვერ უნდა გვითხრას, როგორ უნდა დავეხმაროთ უკრაინას უახლოეს თვეებში ან წლებში,“ - აღნიშნა სეჟორნემ შეხვედრაზე, რომელსაც უძღვებოდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და რომელსაც ასევე ესწრებოდა მისი უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება.

„ორგანიზება იმისა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ან წითელი ხაზები სად გავავლოთ, რუსეთს არ ევალება. ეს ჩვენ შორის უნდა გადავწყვიტოთ,“ - აღნიშნა სეჟურნემ.


საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება კი, ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “მოზომილი და გააზრებული” იყო.

კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა.


NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი.


8 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლეთის სახელმწიფოების ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ რაღაცის არგამორიცხვა მის გაკეთებას არ ნიშნავს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მაკრონის სიტყვების უკან კარგი ზრახვებია.

რადოსლავ სიკორსკის თქმით, უკრაინაში NATO-ს ძალების ყოფნა "არ არის წარმოუდგენელი" და, რომ ის აფასებს საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან ამ იდეის არგამორიცხვას.