NATO ბალტიისპირეთში ყოფნას აძლიერებს

NATO-მ განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში თავის მისიას საჰაერო თავდაცვის ფრეგატითა და სხვა აქტივებით აძლიერებს. ალიანსის განცხადებით, ახალი ზომები მოიცავს სადაზვერვოს სისტემებს და ფრეგატს, რაც ბალტიის ზღვის ინფრასტრუქტურის დასაცავად დაწყებულ მისიას აფართოებს. NATO დამატებით სადაზვერვო საშუალებებს განლაგებს რუსეთის გამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევისა და დანიის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის სერიის საპასუხოდ.


სკანდინავიის რეგიონის ყველაზე დატვირთული, კოპენჰაგენის აეროპორტი, ორშაბათს გვიან ღამით რამდენიმე საათით დაიხურა, რადგან მის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დიდი დრონი შენიშნეს. მომდევნო დღეებში, ასევე დროებით დაიხურა დანიის ხუთი პატარა აეროპორტი, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო.


Reuters-ის ცნობით, NATO-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი არ მიუთითებენ დეტალებს იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნები ახორციელებენ დამატებით აქტივობებს. ახალი ძალები მხარდაჭერას უზრუნველყოფენ NATO-ს მისიის, „ბალტიის გუშაგისთვის“, რომელიც იანვარში ამოქმედდა ინციდენტების სერიის შემდეგ, როცა დაზიანდა წყალქვეშა ელექტრო და სატელეკომუნიკაციო კაბელები და გაზსადენები ბალტიის ზღვაში. ალიანსის ქვეყნებმა უკვე განალაგეს ფრეგატები, საპატრულო თვითმფრინავები და საზღვაო დრონები კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.


19 სექტემბერს სამმა რუსულმა MiG-31 გამანადგურებელმა 12 წუთის განმავლობაში დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რის შემდეგაც, ისინი ჩაჭრეს იტალიის გამანადგურებლებმა, რომლებიც NATO-ს ეგიდით პატრულირებდნენ ბალტიის ზღვაში.


დასავლური მედიის ინფორმაციით, NATO-ს წარმომადგენლებმა რუს დიპლომატებს მკაფიოდ აუხსნეს, რომ რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ ალიანსის საჰაერო სივრცის ნებისმიერმა შემდგომმა დარღვევამ შეიძლება მათი ჩამოგდება გამოიწვიოს.