ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად უკრაინელი მსტისლავ ჩერნოვის „20 დღე მარიუპოლში“ აღიარა. ის ისტორიაში პირველი უკრაინული ფილმია, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ კინოპრემიად მიჩნეული „ოსკარი“ მიიღო.
10 მარტს ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის პრიზებით დაჯილდოების 96-ე ცერემონიაზე გამოსვლისას მსტისლავ ჩერნოვმა განაცხადა, რომ მისი სურვილი იქნებოდა, ეს ფილმი არასდროს გადაეღო და „ოსკარი“ გაეცვალა იმაში, რომ რუსეთი არასდროს შეჭრილიყო უკრაინაში.
„მაგრამ, ერთად შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ სიმართლემ გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“ - მიმართა მან აუდიტორიას.
მსტისლავ ჩერნოვი, როგორც სააგენტო Associated Press-ის ჟურნალისტი, ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკასა და პროდიუსერ ვასილისა სტეპანენკოსთან ერთად ქალაქ მარიუპოლში 2022 წლის 23 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე ერთი დღით ადრე გაემგზავრა. მსოფლიომ დიდწილად მათი წყალობით შეიტყო, რა ხდებოდა მარიუპოლში 2022 წლის გაზაფხულზე, როცა რუსეთის ჯარებმა ქალაქი ალყაში მოაქციეს და დღითიდღე ანადგურებდნენ.
უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი დღეს რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
„20 დღე მარიუპოლში“ საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარეს დიდ ბრიტანეთშიც. 2024 წლის თებერვალში ფილმმა ბრიტანული კინოპრემია BAFTA მიიღო.
„20 დღე მარიუპოლში“ რუსეთის ჯარების მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქზეა.