აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის და „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას შეფასებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები, რადგან როგორც უკვე ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი ტესტი, რუსეთი და რუსეთთან დაკავშირებით მისი პოლიტიკა იქნება.
როგორც ბათუ ქუთელიამ Europetime-ს განუცხადა, ამ საგარეო პოლიტიკურ განტოლებაში, აშშ-ს სჭირდება საქართველოც, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენად დაიმსახურებს აშშ-ს ამ მხარდაჭერას საქართველო დემოკრატიული განვითარების კუთხით იმ ფონზე, როდესაც ბაიდენის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკა დემოკრატიულ ფასეულობებზეა აგებული.
ბაიდენის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, დემოკრატიული დღის წესრიგი და დემოკრატიების მხარდაჭერაა და თუ საქართველო დარჩება დემოკრატიულ ქვეყნად; ბოლომდე არ ჩავარდება არაფორმალურ მმართველობასა და ავტორიტარიზმში, რასაკვირველია, აშშ-ისგან სხვა ხარისხის მხარდაჭერა ექნება, რაც კონკრეტულ ნაბიჯებში აისახება.
„რუსეთთან მიმართებით, ბაიდენის პოლიტიკის ტესტი მდგომარეობს იმაში, რა პოზიცია ექნება აშშ-ს იმასთან დაკავშირებით, რაც რუსეთმა ბოლო 12 წლის განმავლობაში მოიმოქმედა. კრემლის მხრიდან ობამას გადატვირთვის პოლიტიკით ბოროტად სარგებლობის შედეგად დამდგარი რეალობაც ამ პერიოდის ნაწილია. მათ შორის ის, რაც საქართველოსა და უკრაინაში მოიმოქმედა.
ბაიდენის პოლიტიკა მთლიანად რუსული აგრესიული რევიზიონიზმის პასუხია, რომელიც პუტინმა 2008 წელს ღიად და თვალნათლად დაიწყო საქართველოში სამხედრო აგრესიით.
ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა გულისხმობს არამარტო რუსეთის შეკავებას, არამედ უკუქცევას, რაც ჯო ბაიდენმა, ენტონი ბლინკენმა და მათი გუნდის სხვა წევრებმა, სხვადასხვა კონტექსტში არაერთხელ დააფიქსირეს“, - აღნიშნავს დიპლომატი.
მისივე თქმით, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდაზე, გასათვალისწინებელია, რა ფორმაში იქნება საქართველო და იქნება თუ არა ის ისეთი ქვეყანა, რომელიც ამერიკის მხარდაჭერას დაიმსახურებს.
„თუკი ამერიკას და ევროკავშირს პროაქტიური პოლიტიკა ექნებათ საქართველოში, სახელისუფლებო გუნდშიც უფრო მეტი პროდასავლური აქტორი გამოჩნდება. ასეთი აქტორები შეიძლება გამოჩდნენ „ქართული ოცნების“ გუნდშიც, არა იმიტომ, რომ იდეურად სჯერათ, არამედ სუფთა პრაგმატული მოსაზრებებით“, - აცხადებს აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ბათუ ქუთელია.
რა კონკრეტული შედეგები შეიძლება მოუტანოს საქართველოს აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდამ, ამის შესახებ Europetime საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, დიპლომატსა და ანალიტიკოსს, გიორგი ბადრიძეს ესაუბრა.
მისი განმარტებით, 90-იან წლებში ის საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტები, რომლებმაც აზერბაიჯანს და ნაწილობრივ საქართველოსაც აუმაღლა სუვერენიტეტის დონე, აშშ-ის ინიციატივა იყო. სწორედ ამ პროექტებმა მისცა აზერბაიჯანს შესაძლებლობა, რომ გაემყარებინა თავისი სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც ახლა დაიბრუნა დაკარგული ტერიტორია.
„რომ არ ყოფილიყო კლინტონის ადმინისტრაცია, ეს პროექტი ვერ შედგებოდა. ან შედგებოდა ბევრად უფრო გვიან, ან სხვანაირად. ფაქტია, რომ 90-იან წლებში ამ პროექტების განხორციელებას ხელი შეუწყო ამერიკის მსოფლიო ლიდერობამ. აშშ-ის ადმინისტრაციას სერიოზული მუშაობა მოუწია უამრავი კომპანიის დასარწმუნებლად, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ინვესტირება ნამდვილად ღირდა.
როდესაც ამერიკა ნაკლებ ყურადღებას გაქცევს, ვიდრე სხვა მნიშვნელოვან პარტნიორს, ნიშნავს, რომ რუსეთის მსგავს ქვეყნებს უჩნდებათ შესაძლებლობა, უფრო აგრესიულად და თამამად გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს.
ჩვენს რეგიონში დაწყებულია გარკვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელთა გამოყენებასაც რუსეთი ცდილობს, კერძოდ, ახალი სატრანსპორტო დერეფნების შექმნას, საქართველოს გვერდის ავლით ისე, რომ საქართველოს იზოლაცია მოხდეს. ვგულისხმობ მთიანი ყარაბაღის სატრანსპორტო დერეფანს.
რეალურად, რუსეთის ინტერესია აზერბაიჯანთან ერთად შეასრულოს კასპიის ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნების დამაკავშირებელი როლი და საქართველოს მაქსიმალური იზოლირება მოხდეს იმისთვის, რომ ამით საქართველოს დაუკარგოს საერთაშორისო ფუნქცია, რომლის გამოც მას, როგორც საერთაშორისო ერთეულს, უფრო მაღალი ფასი აქვს სხვა ქვეყნების თვალში“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი და დიპლომატი გიორგი ბადრიძე.
მისივე თქმით, ამერიკა უნდა დაბრუნდეს, როგორც რეგიონის უსაფრთხოების გარანტი და მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ მას შეუძლია დიდი პოლიტიკური ფასის გარეშე ავნოს საქართველოს ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ეს ნაბიჯები არის ძალიან დამაიმედებელი და ამას განვითარება მოჰყვება.
„განვითარებაში ვგულისხმობ, რომ გაძლიერდეს ამერიკის მიერ საქართველოს ინტერესების ლობირება. მათ შორის NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, რადგან მუდმივად იქნებიან ევროპის ქვეყნებში ისეთები, რომლებიც შეეცდებიან, წინააღმდეგობა გაუწიონ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესს. ამერიკის აქტიური ლობირების გარეშე, საქართველო ვერ მოხვდება NATO-ში. ამერიკის აქტიური პოზიციის გარეშე საქართველოს Nato-ში გაწევრიანება გამორიცხულია.
სულ მცირე, დამაიმედებელია ამერიკის პირველივე ნაბიჯებს შორის საქართველოს საკითხის დაყენება რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში“, - განუცხადა Europetime-ს გიორგი ბადრიძემ.
როგორც Europetime-ს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა, როცა სახელმწიფო ბევრი კუთხით დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერაზე, ასეთ სიტუაციაში დასავლეთიდან მხარდაჭერის დაკარგვა, ძალიან მძიმე აღმოჩნდება საქართველოსთვის.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არასდროს ჰქონია დასავლეთის ისეთი დიდი მხარდაჭერა, როგორც ეს 2020 წლის არჩევნების შემდგომ ჰქონდა. 2007 წლის შემდეგ კი, საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთს არ გამოუთქვამს ისეთი მწვავე კრიტიკა, როგორც ეს ბოლო კვირებში მოხდა.
ხელისუფლებამ რიტორიკა რომც არ შეცვალოს, დარწმუნებული ვარ, მელიას მაინც გამოუშვებს, რადგან არ მგონია, მელიას გამო, საბოლოოდ „გადაიკიდოს“ დასავლეთი. მე არ მჯერა იმ ზღაპრების, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა და მათ სურთ, საქართველო დააბრუნონ რუსეთის გავლენის ქვეშ. ამიტომ, არ მგონია, მელიას გადააყოლონ ეს ამბავი. შეიძლება, ხელისუფლებას იმის იმედი აქვს, რომ არც დასავლეთს არ უნდა, ხელი ჰკრას მას“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
4 მარტს, ენტონი ბლინკენმა განცხადა, რომ ამერიკა აქტიურად დაბრუნდება იმ რეგიონებში, სადაც ბოლო წლებში აშშ-ის მხარდაჭერა შესუსტდა.
„ჩვენ ახლა გვჭირდება ქვეყნები თანამშრომლობისთვის, ისე როგორც არასდროს. გლობალურ გამოწვევებს, ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება, მათ შორის ვერც ისეთი ძლიერი ქვეყანა როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ამერიკა დაბრუნდა. ამერიკას აქვს უნიკალური ძალა სახელმწიფოები პრობლემების მოსაგვარებლად გააერთიანოს. პრობლემების, რომელსაც ვერცერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვერ გადაწყვეტს. სამყარო თავის თავის ორგანიზებას თავად ვერ შეძლებს. ამერიკას აქვს ძალა და უნარი ხელი შეუწყოს მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებას. ჩვენ სტიმულს მივცემთ დემოკრატიულ ქცევას. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს მაგალითს და ძალას და მოვუწოდებთ სხვებს ძირითადი რეფორმების განხორციელებისას გააუქმონ ცუდი კანონები, ებრძოლონ კორუფციას და უსამართლობას“, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების წარდგენისას.