ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ და "მთავარი არხის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა პარტია - „ახალი“ შექმნეს. პარტიის შესახებ ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ თბილისში, სასტუმრო "შერატონში" ისაუბრეს. „ახალი“ არჩევნებში 4 ნომრით მიიღებს მონაწილეობას.


„ჩვენი პარტია არის „ახალი“. ჩვენ ვართ ერთად და ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებისთვის. ჩვენ შევცვლით, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ვიცით, რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ჩვენ ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს.

ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ამ მიზანს თქვენთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ.“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიამ გაერთიანება "ახალის" ფერებსა და ლოგოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ჩვენი ფერია მწვანე, ეს არის სიახლის, ახალი დასაწყისის ფერი. ჩვენი ფერია ნარინჯისფერი, ეს არ არის მხოლოდ მელიის ფერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის დაუცხრომელი ენერგიის, წინსვლის და იმედის ფერი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და თეთრთან ერთად რომელიც სისუფთავის, მოუსყიდაობის და ბედნიერების ფერია, ვფიქრობთ, რომ გავალთ წინ. ეს არის ჩვენი სიმბოლოები, ეს არის ჩვენი წინ მიმართული ისარი, რომელიც სწრაფი გადახვევის ისარია, ეს არის სწრაფად მოძრაობა წინ ამ დაპაუზებულ ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც მხოლოდ წარსულზე ლაპარაკობენ. ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი. ჩვენ ვივლით მხოლოდ წინ, არ გავიხედავთ უკან და მივაღწევთ წარმატებას,“ - განაცხადა გვარამიამ.


"ახალის" წევრები არიან: "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი - გიორგი კირთაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე - მაია კოპალეიშვილი და ა.შ.