სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოება, ევროკავშირისა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის გადამწყვეტი გზაა - მედია

სამხრეთის გაზის დერეფანი ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტია ევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის. შესაბამის სტატიას Euronews აქვეყნებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მეათე სხდომაზე და მწვანე ენერგეტიკის მრჩეველთა საბჭოს მეორე სხდომაზე ამ დერეფნის გაფართოების საკითხი დადგა.


„აზერბაიჯანი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის დიდი რესურსების მქონე ქვეყანაა, გასულ წელს, ბაქომ გაზის ექსპორტი 9%-ით გაზარდა და მან 22 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ამჟამად ევროპაში მთავარი მყიდველები არიან იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი, უნგრეთი და ბულგარეთი და, როგორც ჩანს, ეს სია შეიძლება, გაფართოვდეს,“ - ნათქვამია სტატიაში.

„ბევრი, ახალი, პარტნიორი ქვეყანაა, რომლებიც მზად არიან, მიიღონ თუნდაც დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წიაღისეული საწვავისგან ვდისტანცირდებით, მაგრამ ამას რამდენიმე ათეული წელი სჭირდება. ახლა ჩვენ გვინდა, დავამყაროთ ასევე მომავალი თანამშრომლობა,“ - განაცხადა კადრი სიმსონმა, ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ გაზის დერეფანი ენერგომატარებლების მიწოდების გეოგრაფიას შეცვლის.