აშშ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მხარს უჭერს. ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკული რესურსების საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილემ განაცხადა. კიმბერლი ჰარინგტონი სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-10 შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, ბაქოში იმყოფებოდა. მისი შეფასებით, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება მხოლოდ დივერსიფიკაციისა და გაუმჯობესებული მარშრუტების რაოდენობის გაზრდით არის შესაძლებელი და ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სამხრეთის გაზის დერეფანი.
„ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ ენერგია იარაღად არ იქნება გამოყენებული ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ. ეს უკვე ვნახეთ. ბოლო დროს ევროპაში უფრო მეტი ინტერკონექტორი გამოჩნდა, მათ შორის - საბერძნეთ-ბულგარეთის დამაკავშირებელი, რომლითაც აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ხდება.
რაც უფრო მეტი აზერბაიჯანული გაზი მიაღწევს ევროპის ბევრ ქვეყანაში, ეს მით უკეთესი იქნება. ეს ინტერკონექტორი მუშაობს გარკვეულ ტერიტორიაზე, სადაც ადრე რუსეთს თითქმის მონოპოლია ჰქონდა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერას და ვფიქრობთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდების გაფართოება ვითარებას მრავალი ქვეყნისთვის შეცვლის,“ - განაცხადა კიმბერლი ჰარინგტონმა.
ცნობისათვის, სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა.
SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.