უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, აზიის ქვეყნებთან ევროკავშირის დამაკავშირებელი ტრადიციული სატრანსპორტო კავშირები შეფერხდა. გარდა ამისა, ჰუსიტების თავდასხმებმა წითელ ზღვაში დიდი გავლენა მოახდინა ევროპიდან იმპორტსა და ევროპაში ექსპორტზე.
2023 წლის ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ჰუსიტების თავდასხმების გამო, მსოფლიო ვაჭრობა თითქმის 1,5%-ით დაეცა. გემების ტრანზიტი სუეცის არხის გავლით, 2023 წლის იანვართან შედარებით, 30%-ით შემცირდა. ამას მოჰყვა მსოფლიოში გადაზიდვის ფასების ძლიერი ზრდა. ეკონომისტების შეფასებით, წითელ ზღვაზე მიწოდების ამჟამინდელმა შეფერხებამ უფრო დიდი გავლენა იქონია გადაზიდვებზე, ვიდრე - COVID-19-ის პანდემიამ. ამ შინაარსის სტატიას აზერბაჯანული მედია, ბრიუსელში დავუძნებულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, სტატიაში აღნიშნულია, რომ საქონლის ფასები სწრაფად იზრდება, ეს საკითხი აქტუალობას იძენს განსაკუთრებით ევროპარლამენტის გადამწყვეტი არჩევნების წინ. სტატიის ავტორი წერს, რომ ევროკავშირისთვის ალტერნატივად მიჩნეულ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (შუა დერეფანს) მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ახალი აბრეშუმის გზის იდეის თანახმად კი, ჩინეთიდან საქონელმა სწრაფად უნდა გაიაროს ყაზახეთიდან კასპიის ზღვის სანაპიროზე, შემდეგ ტვირთი ევროკავშირში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით შედის.
ტრანსპორტის სფეროს ექსპერტების აზრით, ამ დერეფნის გასწვრივ მოძრაობის მოცულობა 86%-ით გაიზარდა და მან 2,8 მლნ ტონას მიაღწია 2022 წლის 1,5 მლნ-თან შედარებით, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2021 წლის მხოლოდ 586 000-თან შედარებით.
„ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირს სჭირდება, რომ სწრაფად და გადამწყვეტად გაზარდოს ინვესტიციები შუა დერეფანში, რა თქმა უნდა, თუ ბრიუსელს სურს, შეინარჩუნოს თავისი გეოპოლიტიკური პოზიცია ცენტრალურ აზიაში,“ წერს ბრიუსელში დაფუძნებული ონლაინ გამოცემა Eureporter.