საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გატარება მიმდინარე წელს დაიწყება.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საკითხზე მოლპარაკებები ორი წელია, მიმდინარეობს.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მომავალში აღნიშნული მილსადენით მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გატარების მოლოდინი არსებობს.
„რაც შეეხება ყაზახური ნავთობის ბაქო-სუფსის მილსადენით გატარებასთან დაკავშირებით, ამაზე თითქმის ორი წელია გვაქვს საკმაოდ აქტიური საუბარი, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს საკითხი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მჭიდრო თანამშრომლობა რამდენიმე ქვეყნის იმისთვის, რომ ეს ნავთობი ამ მილსადენში მოხვდეს. იცით, რომ მჭიდრო თანამშრომლობა არის საჭირო BP-სთან. BP-სთან ჩვენ ამაზე უშუალოდ კონტაქტი გვაქვს და პრინციპში პოზიციები აბსოლუტურად თანხვედრაშია.
რაც შეეხება ნავთობსადენის გამოყენებას, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი აზერბაიჯანული მხარის პოზიცია და აქაც ინტენსიური დიალოგი გვაქვს. საჭირო იყო შეთანხმება გარკვეულ პირობებზე. იცით, რომ განსხვავებული ტიპის ნავთობია ყაზახური და შერევა აზერბაიჯანულ ნავთობთან ვერ მოხდებოდა. ვფიქრობ, რომ ძირითადი საკითხებში ჩვენ ახლა გარკვეულობა გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს უკვე დაიწყება ნავთობის გატარება. მომავალში ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევძლებთ მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გატარებას. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელსვე დაიწყება ნავთობის გატარება,” - განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყაზახური ნავთობის სატრანზიტო მოცულობის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ შეთანხმება აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე, ყოველწლიურად, 2,2 მილიონ ტონამდე ყაზახური ნავთობის მოცულობის გაზრდას ითვალისწინებს.
ამ შეთანხმების ფარგლებში მხარეები გააგრძელებენ აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ტრანსპორტირების ტარიფების შემცირების, ასევე, ბაქო-სუფსის მარშრუტზე ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების საკითხების განხილვას გააგრძელებენ.
„დოკუმენტები, რომლებსაც ჩვენ დღეს მოვაწერეთ ხელი, დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენს კომპანიებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში ყაზახური ნავთობის გლობალურ ბაზრებზე ტრანსპორტირების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა მაგზუმ მირზაგალიევმა.