ლიეტუვაში რუსული სანომრე ნიშნის მქონე პირველი ავტომობილი დააკავეს

ლიეტუველმა მებაჟეებმა რუსული სანომრე ნიშნის მქონე პირველი ავტომობილი დააკავეს. მისი შეჩერება ახალი ადმინისტრაციული მუხლის შესაბამისად განისაზღვრა, რომელიც კონფისკაციის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.


ქვეყნის საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტომობილი 11 მარტს მედინინკაის გამშვებ პუნქტზე დააკავეს. მძღოლი, მოლდოვის მოქალაქეა, რომელიც რუსული სანომრე ნიშნით Audi Q7-ს მართავდა, გეგმავდა ლიეტუვის გადაკვეთას და გზის ბელორუსისკენ გაგრძელებას. ქვეყნის ტერიტორიაზე ასეთი ტრანზიტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მანქანაში მისი მფლობელი იმყოფება. „მძღოლის მიერ წარდგენილი საბუთების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მანქანის მფლობელი სრულიად განსხვავებული პიროვნებაა - რუსეთის მოქალაქე,“ - აღნიშნავენ საბაჟოს პრესსამსახურში. მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, 41 690 ევროს ღირებულების ავტომობილი ამოღებულია. 


2023 წლის 12 სექტემბრიდან ლიეტუვასა და ლატვიაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვებს ესტონეთი ერთი დღის შემდეგ შეუერთდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს შეზღუდვა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული დირექტივით ახსნეს, რაც რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ სანქციებს მოიცავს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო. ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აღარ აქვთ.

რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ფინეთი 16 მარტამდე უნდა დატოვონ