15 წლის შემდეგ, სერჟანტ როინ შავაძის მკველობისთვის ორ დაკავებულს პატიმრობა მიუსაჯეს

2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს 12-12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რადიო თავისუფლების ცნობით, გამამტყუნებელი ვერდიქტი თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს, სხდომას უძღვებოდა მოსამართლე ნინო ნაჭყებია.


პატიმრობა მიუსაჯეს:

  • აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს - ალი ბალაძეს შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ორგანიზებისთვის;
  • ყოფილ სპეცრაზმელ მამუკა ბერიძეს კი, მსჯავრდებულია შავაძის უკანონო დაკავებისა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის.

მათი პატიმრობის ვადის ათვლა დაკავების მომენტიდან, 2023 წლის 27 ივლისიდან დაიწყო, რადგან განაჩენის გამოტანამდე მათ აღქვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.


როინ შავაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტის წოდებით მსახურობდა. 2005-2006 წლებში იგი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა. იგი ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

2020 წლის 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის („სიცოცხლის უფლება“) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.