ესტონეთი უკრაინას 120 მილიარდი ევროს დაფინანსების გეგმას სთავაზობს

ესტონეთი უკრაინას, რომელსაც რუსეთი მესამე წელია, თავს ესხმის 120 მილიარდი ევროს დაფინანსების გეგმას სთავაზობს. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მუდმივი მდივნის კუსტი სალმის თქმით, წლიურად, 120 მილიარდი ევროს გამოყოფა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, ცალსახად აჩვენებს, თუ რა უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინამ მოიგოს ომი.


მისი ვარაუდით, ამ თანხის ნაწილი შეიძლება, ევროობლიგაციების მეშვეობით დაფინანსდეს , სადაც ევროკომისია ფინანსურ ბაზრებზე თანხების მოზიდვას და ევროკავშირის ქვეყნების გარანტიებს გამოიყენებს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ესტონელმა პოლიტიკოსებმა და ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინის მოსაგებად, დასავლელმა მოკავშირეებმა მშპ-ს 0,25% უნდა ჩადონ ქვეყნის სამხედრო დახმარებაში, ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიის საფუძველზე.

სალმის თქმით, თუკი უკრაინის მხარდამჭერი 50-ზე მეტი ქვეყანა დახარჯავს ამ პროცენტს, ეს წელიწადში კიევისთვის 120 მილიარდ ევროზე მეტით დახმარება იქნება.