საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას და მნიშვნელოვნად აფასებს ყველა მონაწილეს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, ქმედით წვლილს ოქმის რატიფიცირების პროცესში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გაეროს სააგენტო ავრცელებს.
"გაეროს მუდმივი კოორდინატორის საბინე მახლის განცხადებით, 2020 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ ახალი კანონის მიღებასთან ერთად, ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება გამოხატავს საქართველოს ძალისხმევას შესაბამისობაში მოიყვანოს ეროვნული პოლიტიკა და მარეგულირებელი ჩარჩო-დოკუმენტები გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან. ეს არის ვალდებულება, გადაიდგას კიდევ ერთი ნაბიჯი ბარიერებისაგან თავისუფალი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისაკენ.
ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, შესაძლებლობას აძლევს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტს განიხილოს საჩივრები კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შესახებ, რაც მნიშვნელოვანი საშუალებაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების განვითარების, გაძლიერებისა და დაცვისათვის საქართველოში. მეტიც, რატიფიცირება სრულყოფს და გააძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერისათვის შექმნილ შიდა მექანიზმებს, გააძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო საზოგადოებაში და წარმოაჩენს მის პასუხისმგებლობას გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემაში კონსტრუქციული ჩართულობის მიმართ. და ბოლოს, ის წვლილს შეიტანს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების სათანადოდ გაცნობიერებასა და მათ შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.
საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი მხარს უჭერს მთავრობასა და პარლამენტს, რათა ვალდებულებები ხელშესახებ შედეგებად იქცეს და კვლავაც იღებს ვალდებულებას დაეხმაროს საქართველოს ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში, სადაც ყველა მოქალაქე ისარგებლებს ადამიანის უფლებებით.
ზოგადი ინფორმაცია:
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ (კონვენცია) არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც კონვენციის მხარე სახელმწიფოებისაგან ითხოვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და გარანტირებას. საქართველომ კონვენციის რატიფიცირება 2014 წელს მოახდინა.
2. ფაკულტატური ოქმი ადგენს ორ პროცედურას. პირველი არის გასაჩივრების პროცედურა, რომლის მეშვეობით ინდივიდებს და ჯგუფებს, კონვენციით გათვალისწინებული მათი უფლებების სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში, შეუძლიათ საჩივრები წარადგინონ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტში. მეორე გახლავთ - გამოკითხვის პროცედურა, რომელიც საშუალებას აძლევს კომიტეტს გამოიძიოს მხარე სახელმწიფოს მიერ კონვენციის მძიმე ან სისტემატიური დარღვევის შესახებ ბრალდება.
3. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი არის დამოუკიდებელ ექსპერტთა ორგანო, რომელიც ახორციელებს მხარე სახელმწიფოების მიერ კონვენციის განხორციელების მონიტორინგს.
4. 2020 წლის ნოემბრისთვის, კონვენცია რატიფიცირებულია 182 წევრი სახელმწიფოს მიერ, რომელთაგან 96 სახელმწიფო კონვენციის ფაკულტატური ოქმის მხარეს წარმოადგენს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.