ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის განხილვის რეკომენდაციით გამოდის.
რეზოლუციის მიღებას მხარი ევროპარლამენტის 504-მა დეპუტატმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი იყო, 32-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.
რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის წევრები კონკრეტულად გამოდიან რეკომენდაციით, რომ სომხეთისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა იყოს განხილული.
„თუ სომხეთი დაინტერესდება კანდიდატის სტატუსის მიღებით და გააგრძელებს სტაბილური რეფორმების გზას, რომელიც აძლიერებს მის დემოკრატიას, ეს შეიძლება, ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების ტრანსფორმაციის ეტაპის საფუძველი გახდეს,“ - ნათქვამია ევროპარლამენტის დეპუტატების ერთობლივი რეზოლუციის პროექტში.
ასევე, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიასა და საბჭოს, აქტიურად დაუჭირონ მხარი სომხეთის სურვილს, გაზარდოს თანამშრომლობა ევროკავშირთან, არამხოლოდ ეკონომიკური პარტნიორობის, არამედ, პოლიტიკური დიალოგის, ხალხთა შორის კონტაქტების, სექტორული ინტეგრაციისა და უსაფრთხოების სფეროში.