ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანას არ გამორიცხავს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს, მათ შორის ჩინეთთანაც. ამის შესახებ მან "პირველი არხის" ეთერში ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩინური ვაქცინა არის ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული და არ გამორიცხავს, მასზე ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყოს.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთის ორი ვაქცინა მოლოდინის რეჟიმშია და ისინი ჯანმო-ს მხრიდან სულ მალე მიიღებენ ავტორიზაციას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარანტი იქნება, რომ ეს ვაქცინები უსაფრთხო იქნება და საქართველო თავის მოქალაქეებს ხელმისაწვდომობის საშუალებას ჩინურ ვაქცინაზეც მისცემს. ჩვენ ვიცით, რომ ჩინური ვაქცინა არის ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული და არ გამოვრიცხავ, მასზე ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყოს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, თუ ჩინური ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას ვერ მიიღებს, ის საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოვა.

„მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვამბობ, რომ საქართველოში შემოვა მხოლოდ მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზებული და აღიარებული ვაქცინა. მე იქ არ მქონდა განსაზღვრება, რომ ჩინურის გამო არ შემოვა. აქ მნიშვნელოვანი არის სანდოობა და ავტორიზაცია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები ვაქცინის შემოტანის შესახებ ისრაელთანაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია ახლად გამოჩენილი „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინაც, რომელიც ეფექტურობიდან გამომდინარე, შესაძლოა, საკმაოდ პოპულარული გახდეს.