ყირგიზეთის პარლამენტმა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი მიიღო

ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ ყირგიზეთის რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.“

კანონპროექტს მხარი 66-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 5 დეპუტატმა იყო.


როგორც ადგილობრივი მედია წერს, კანონპროექტის კენჭისყრა რამდენიმე წუთში გაიმართა და პარლამენტის არცერთ წევრს შეკითხვა არ დაუსვამს. ახლა კანონის მისაღებად მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.


ყირგიზი უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ კანონმდებლობა უცხოური აგენტების შესახებ, რუსეთის კანონის თითქმის იდენტურია. მათ მოუწოდეს კანონმდებლებს, უკან გაეწვიათ კანონპროექტი. ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონი ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო იყო საჭირო. კანონის თავდაპირველი ვერსია პატიმრობასაც ითვალისწინებდა, თუმცა ხსენებული მუხლი კანონპროექტიდან 20 თებერვალს ამოიღეს. კანონპროექტი სახელმწიფოს მხრიდან არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციების დამატებით კონტროლსა და შემოწმებას გულისხმობს.