ალიანსის მასშტაბით, მოსახლეობის ორ მესამედს სურს, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდეს - სტოლტენბერგის წლიური ანგარიში

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხუთშაბათს (2024 წლის 14 მარტი) 2023 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ალიანსის მუშაობის ყველა ასპექტს მოიცავს. გენერალურმა მდივანმა გამოაცხადა საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური გამოკითხვის შედეგები, რომელიც ასევე პირველად მოიცავდა გამოკითხვებს ფინეთიდან და შვედეთიდან. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO-ს მიმართ მხარდაჭერა ძალზედ ძლიერია - ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს.


„მაგალითად, შეერთებულ შტატებში მხოლოდ 13 პროცენტი მისცემდა წინააღმდეგ ხმას. ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტს მიაჩნია, რომ ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ უნდა გააგრძელონ ერთად მუშაობა ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ეს შედეგები მიუთითებს, რომ ალიანსის მასშტაბით, NATO-ს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა ნარჩუნდება,“ აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა.


მისივე თქმით, NATO-ს მოქალაქეები ასევე აგრძელებენ მტკიცე სოლიდარობის გამოხატვას მამაცი უკრაინელების მიმართ. ალიანსის მასშტაბით, მოსახლეობის ორ მესამედს სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.

„ეს მხარდაჭერა „მნიშვნელოვანია, რადგან NATO-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ მთელი სამხედრო დახმარების 99%-ს.“


2023 წელს მოკავშირეებმა განაგრძეს უპრეცედენტო დონის მხარდაჭერა უკრაინასთვის.

„პირველად, მოკავშირეებმა ასევე გაგზავნეს შორ მანძილზე მოქმედი სისტემები - UK Storm Shadow-ს და ფრანგული SCALP-ის რაკეტები და მოკავშირეები შეთანხმდნენ F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გაგზავნაზე.“

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ რამდენიმე მოკავშირემ ხელი მოაწერა ორმხრივ შეთანხმებას უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ. მან ხაზგასმით აღნიშნა, „უკრაინას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება და მათ ეს სწორედ ახლა სჭირდებათ.

„უკრაინელებს გამბედაობა ამოუწურავია. ტყვია-წამალი იწურება. ეს არის კრიტიკული მომენტი და პუტინისთვის გამარჯვების უფლების მიცემა მძიმე, ისტორიული შეცდომა იქნება. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ავტორიტარულ ლიდერებს ძალის გამოყენებით შეეძლოთ წინსვლა,“ განაცხადა სტოლტენბერგმა.


მოკავშირეები ევროპაში ჯამურად 470 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ თავდაცვაში, რაც პირველად მათი ერთობლივი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს. „წელს, მოკავშირეთა ორი მესამედი დააკმაყოფილებს 2%-იან მიზანს, 2014 წელს მხოლოდ სამი მოკავშირის ნაცვლად. ველით, რომ მოკავშირეები გადადგამენ შემდგომ ნაბიჯებს უკრაინის მხარდასაჭერად, გააძლიერებენ NATO-ს თავდაცვას და გააღრმავებენ პარტნიორობას მთელ მსოფლიოში NATO-ს 75-ე საიუბილეო სამიტზე, რომელიც ივლისში გაიმართება,“აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა.