სტოლტენბერგი: რუსეთის დანაკარგი უკრაინაში 350 000 ადამიანს აღემატება

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 350 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა. მან ეს რიცხვი 14 მარტს, ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელა.

“რუსეთი ძალიან დიდ ფასს იხდის უმნიშვნელო მიღწევებისთვის. ხმელეთზე, პუტინის ომი რუსეთს უკვე 350 000 სამხედრო დანაკარგზე მეტი დაუჯდა. ზღვაში, უკრაინულმა დარტყმებმა ჩაძირეს ან მწყობრიდან გამოიყვანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ცაში, უკრაინა რუსეთის საკვანძო ობიექტებს აგდებს, მათ შორის ძარიან ძვირფას სადაზვერვო თვითმფრინავებს,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.


გენერალურმა მდივნის თქმით, უკრაინამ აჩვენა, რომ სიმამაცითა და კრეატიულობით “რუსეთის სამხედროების დამარცხება შესაძლებელია.”

სტოლტენბერგმა ასევე გააკრიტიკა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ საკითხის კენჭისყრაზე გამოტანის გაჭიანურება.

„აშშ-ის კონგრესის დაყოვნების ყოველი დღე ბრძოლის ველზე რეალურ შედეგებში გადადის. ამ დილით ალიანსის მასშტაბით გამოკითხვის ბოლო შედეგები გამოვაქვეყნე. ის აჩვენებს, რომ ჩვენი მოქალაქეების ორ მესამედს - ატლანტიკის ორივე მხარეს - სურს, რომ მათმა ქვეყანამ უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.


2023 წლის ნოემბერში, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ზარალი აღემატება 300 ათას ადამიანს. იგივე შეფასება მოცემულია აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდა.