ინდოეთი, რომელიც რუსეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი გახდა, ორი თვეა, რუსული პრემიუმის ტიპის რესურსი არ შეუძენია. გასულ წელს ESPO-ს ხარისხის მიწოდების კუთხით, ინდოეთში საშუალოდ დღეში, დაახლოებით 95 ათასი ბარელი იტვირთებოდა, ხოლო 2022 წელს - 60 ათასი ბარელი დღეში. მაგრამ მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში იმპორტი შეჩერდა. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ESPO გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე ზეთია (0,6%-ზე ნაკლები), რომელსაც რუსეთი აზიას აღმოსავლეთ ციმბირის საბადოებიდან აწვდის. ESPO-ს კვოტები ყოველთვის აჭარბებდა რუსულ ნავთობზე დაწესებულ ზედა ზღვარს, 60 დოლარს, რომელიც G7-ის ქვეყნებმა სანქციების ფარგლებში დააწესეს.
ინდოეთმა ESPO-ს იმპორტი მას შემდეგ გაზარდა, რაც ზოგიერთმა მყიდველმა 2022 წელს სანქციების გამო, მის შესყიდვაზე უარი განაცხადა. კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ იმპორტი შეწყვიტეს. თუმცა, ბოლო თვეებში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ინდოეთის მიერ ESPO-ზე უარის თქმა დაემთხვა იმ ფაქტს, რომ 2023 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობის ფასზე დაწესებული ზედა ზღვარის პირობები გაამკაცრა.
ინდოეთმა ასევე შეამცირა რუსული ნავთობის კიდევ ერთი პრემიუმ კლასის - სოკოლის მიწოდება. იმპორტის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გადახდებთან დაკავშირებული პრობლემებია, რამაც ჯერ კიდევ დეკემბერში განაპირობა ის, რომ რუსეთიდან ინდოეთის ბაზარზე ნავთობის მიწოდება პიკთან შედარებით მესამედით - დღეში 1,48 მილიონ ბარელამდე შემცირდა.
იმავდროულად, რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა (FCS) 2024 წლის იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მკვეთრი შემცირება დააფიქსირა. კერძოდ, ექსპორტი 14,2%-ით შემცირდა და მან 28,7 მლრდ აშშ დოლარამდე შეადგინა, რაც პირველ რიგში ნავთობზე ფასების ვარდნით იყო განპირობებული. ამავდროულად, როგორც ცენტრალური ბანკი აღნიშნავს, საექსპორტო შემოსავლები ქვეყანაში დაახლოებით ორი თვის დაგვიანებით დაიწყო. წელს ცენტრალური ბანკი ნავთობისა და გაზის ექსპორტის შემცირებას პროგნოზირებს, რაც შესაძლოა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.