განათლების სამინისტრო: მიმდინარე კვირაში, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეების 0,01%-ს დაუდასტურდა

"სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებიდან დღემდე საქართველოს ყველა სკოლაში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფიცირების მაჩვენებელმა კიდევ უფრო იკლო", - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,01%-ს დაუდასტურდა.

"მშობელთა თხოვნით, ასევე, კოვიდის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში.

სამინისტროსთვის სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო წელი სკოლებში დასრულდეს და მოსწავლეთა განათლება შეუფერხებლად გაგრძელდეს.

სწორედ ამიტომ პროტოკოლით გათვალისწინებული ნორმების დაცვის მონიტორინგში ჩართულია როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ასევე მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ზოგადი განათლებისა და კოორდინაციის სამმართველოები, მანდატურის სამსახური და რესურსცენტრები", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებიდან დღემდე მინისტრის პირველი მოადგილე შემთხვევითობის პრინციპით რამდენიმე ათეულ სკოლაში იმყოფებოდა. ზოგადი განათლებისა და კოორდინაციის სამმართველოების მხრიდან თბილისსა და რეგიონებში შემოწმებულია 120-ზე მეტი სკოლა, ხოლო რესურსცენტრების მხრიდან მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რეგულაციების შესაბამისად, მაღალ დონეზეა დაცული, სისტემატურად ხდება საპირფარეშოებისა და დერეფნების სველი წესით დამუშავება. შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლა. დაწყებითი კლასის მოსწავლეები პედაგოგებს მშობლებთან სკოლის ეზოში ორგანიზებულად გამოყავთ. დაცულია პირბადის ტარების წესები. ერთეულ შემთხვევებში, შემოწმების შედეგად გამოვლენილია ხარვეზები, რის გამოც სკოლებმა დამატებითი რეკომენდაციები მიიღეს.

ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება და, როგორ წესი, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით იმოქმედებენ", - აღნიშნულია განათლების უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.