სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ნაწილის ჩატარებაც, დღეს უკვე უპერსპექტივო ან მნიშვნელოვნად გართულებულია. რადიო თავისუფლების ცნობით, ლევან იოსელიანი მიმართავს გენერალურ პროკურორს, დაიწყოს შემოწმება ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმის გამომძიებლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი - გაჭიანურებული ან/და ჩაუტარებელი, ასევე, ხარვეზიანი საგამოძიებო მოქმედებების ფაქტებზე. სახალხო დამცველის ეს დასკვნა ანი იანუშაიტიტეს ოჯახმა და ადვოკატებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს.
რა წერია სახალხო დამცველის დასკვნაში?
ანი იანუშაიტიტეს ოჯახის ინტერესების დამცველმა ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა, სახალხო დამცველს ივნისში გაუგზავნეს 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის მასალები და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ეფექტიანობის შესწავლა მოითხოვეს.
4 მარტს მიღებულ დასკვნაში წერია, რომ „გამოძიება თავიდან მიმდინარეობდა არაეფექტიანად და დროულად არ იქნა ჩატარებული სწორედ ის სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც, შესაძლოა, გამოძიებას მოეპოვებინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები“.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების არჩატარებამ ან დაგვიანებით ჩატარებამ, სავარაუდოდ, გამოიწვია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება და, შესაბამისად, საქმის გარემოებების დადგენას შეუშალა ხელი.
მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი თავის დასკვნაში მიუთითებს, რომ შესაძლოა, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ახლა უკვე უპერსპექტივოდაც კი ჩანდეს, ანი იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, ის მაინც მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
მათ შორის:
- შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება და ნიმუშების აღება;
- შემთხვევის ადგილის მახლობლად განთავსებული ავტომობილების მეპატრონეების იდენტიფიცირება და ავტომობილების შემოწმება;
- გვამის გარშემო არსებული ხე-ბუჩქნარის მდგომარეობის შესწავლა;
- ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების სავარაუდო დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე პირების ვინაობის დადგენა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;
- მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების ნამდვილობის შემოწმება და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა.
სახალხო დამცველი 12 წლის ანის გარდაცვალების საქმის საგამოძიებო მოქმედებების შესწავლისას კიდევ ერთ საყურადღებო დეტალზე აკეთებს აქცენტს და დასკვნაში წერს:
„მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტსაც, გამოძიების მიერ გვამის აღმოჩენის შემდეგ, საერთოდ არ იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილის ახლომახლო მდებარე, შედარებით დამალული ადგილები, სადაც არასრულწლოვანის ყოფნა ჩვეულებრივ გარემოებებში, ნაკლებად სავარაუდო ან საერთოდ გამორიცხულია.
გამოძიებას არ უცდია გარდაცვლილის ბიოლოგიური მასალის ან სუნის ნიმუშის მოპოვება მისი ასეთ ადგილას ყოფნის დადასტურების მიზნით. რადგან გასულია ხანგრძლივი პერიოდი, შესაძლოა, ვეღარ მოხდეს ბიოლოგიური ნიმუშის მოპოვება, რაც არსებითად აზიანებს გამოძიების ინტერესებს.“