ამერიკული კომპანიები Amazon და Microsoft 20 მარტიდან რუსეთში საკუთარ (cloud products - Power BI, Dynamics CRM და სხვა.) პროდუქტებზე წვდომას შეზღუდავენ.
Softline-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ შესაბამისი ინფორმაცია ორი ტექნოლოგიური გიგანტისგან მიიღეს.
რუსი მომხმარებლებისთვის ეს ნიშნავს ამერიკული კომპანიების პროდუქტების გამოყენებისა და მონაცემებზე წვდომის სრულ შეზღუდვას.
შეზღუდვები უკავშირდება „ევროკავშირის მე-12 სანქციების პაკეტს“, რომელიც რუსეთში ბიზნეს ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის და სხვა პროდუქტების მიწოდებას ზღუდავს.
ყველა კომპანიას ურჩევენ, რაც შეიძლება მალე დაარქივონ თავიანთი მონაცემები, რათა არ დაკარგონ წვდომა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე.
ქლაუდ ტექნოლოგია პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, წვდომა ჰქონდეთ მონაცემებზე, პროგრამებსა და ბაზებზე, რომლებიც მათ კომპიუტერში არ ინახება. ვირტუალურ სერვერებში განთავსებულ ობიექტებთან წვდომისთვის ისინი ინტერნეტს იყენებენ. მომხმარებლები ყიდულობენ არა პროგრამული უზრუნველყოფის უვადო ლიცენზიებს, არამედ, სერვისს გარკვეული ვადით და შემდეგ ინტერნეტ ბრაუზერის საშუალებით იღებენ წვდომას.