ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინის 200 ათას დოზაზე ჩვენ უკვე გვაქვს ხელმოწერილი კონტრაქტები

„ვაქცინის 200 ათას დოზაზე ჩვენ უკვე გვაქვს ხელმოწერილი კონტრაქტები", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა

მინისტრის თქმით, გარდა COVAX პლატფორმასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა, საიდანაც ქვეყანამ 700 ათასი ადამიანის ასაცრელი დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს, საქართველოს უკვე დაჯავშნილი აქვს მილიონ 700 ათასი დოზა ვაქცინა იმ მწარმოებლებთან, რომელთა ვაქცინებიც, მკაცრი მარეგულირებლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას აპრილსა და მაისში ელოდებიან.

მისი თქმით, ვაქცინების დაჯავშნილი დოზებიდან, 200 ათას დოზა ვაქცინაზე კონტრაქტები უკვე ხელმოწერილია:

„ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს ვაქცინის ყველა იმ მწარმოებელთან, რომლებიც დღეს უკვე არიან მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აღიარებულები ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აღიარებულები. ეს ნიშნავს იმას, რომ „ასტრაზენეკას“ და „პფაიზერის“ წარმომადგენლებთან გვაქვს პირდაპირი მოლაპარაკებები და გარდა ამისა, ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ რომელი იქნება ის შემდეგი ვაქცინები, რომლებიც უკვე უახლოეს მომავალში მიიღებენ აღიარებას როგორც მკაცრი მარეგულირებელი ორგანიზაციებიდან ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ, რა თქმა უნდა, მათზე ხელმისაწვდომობა ჩვენ გვიჩნდება, როგორც „კოვაქს პლატფორმაზე“, ისე თავისუფალ გაყიდვებში და ჩვენ ამ მწარმოებლებთანაც გვაქვს უკვე მოლაპარაკებები გარკვეულ დოზებზე. მე შემიძლია დავასახელო ეს დოზები. ერთ-ერთ მწარმოებელთან გვაქვს დაკვეთილი მილიონი დოზა. ასევე გვაქვს მოლაპარაკება სხვა დანარჩენ ორ მწარმოებელთან 100-100 ათას დოზაზე და დამატებით 500 ათას დოზაზე, ანუ „კოვაქს პლატფორმის“ მიღმა, დამატებით გვაქვს დაჯავშნილი მილიონ 700 ათასი დოზა ვაქცინა. მინიშნებით შემოვიფარგლები, ეს არის ის ვაქცინები, რომლებიც მარტის და აპრილის თვეში ელოდებიან რეგისტრაციას და აღიარებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან. 200 ათას დოზაზე, ეს არის ორი სხვადასხვა მწარმოებელი, ჩვენ უკვე გვაქვს ხელმოწერილი კონტრაქტები“, - აცხადებს ტიკარაძე.