საქართველოს საელჩო მექსიკაში „არკვევს“ საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელს, რომლებიც, მედიის ინფორმაციით, ნარკოკარტელმა გაიტაცა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, 90 000 დოლარს ითხოვს.
„საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლების ცნობით.
მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, უკვე სამი დღეა, ქართველები სარდაფში ჰყავთ გამომწყვდეული. ამერიკის შეერთებული შტატებში ყოველ წელს საქართველოს არაერთი მოქალაქე გადადის საცხოვრებლად, ხშირად არალეგალურად, მექსიკის გავლით, რთული და გრძელი გზით.