კვირას კიშინიოვში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს ღობის გარედან საკონსულოს ტერიტორიაზე უცნობმა კაცმა „მოლოტოვის კოქტეილიანი“ ბოთლები ისროლა, რამაც საკონსულოში მიმდინარე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესი მოკლე ხნით შეაფერხა.
საელჩოს დაცვამ სავარაუდო თავდამსხმელი მომხდარისთანავე დააკავა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს მოლდოვისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ცნობით, დაკავების დროს ეჭვმიტანილი საელჩოს დაცვის თანამშრომლებს უყვიროდა: "მე მძულს რუსეთი!"
ცეცხლი მალევე ჩააქრეს. ინციდენტს რაიმე ზიანი შენობისთვის არ მიუყენებია. თუმცა კიშინიოვში რუსეთის საელჩომ მისი შენობის ცეცხლის წაკიდებისთვის ეჭვმიტანილის მკაცრად დასჯა მოითხოვა.
კიშინიოვში რუსეთის ფედერაციის საკონსულოში საარჩევნო უბანი ერთადერთია მოლდოვის ტერიტორიაზე, რომელიც მოლდოვის ხელისუფლების თანხმობით რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაიხსნა. ამასთან, მოლდოვის ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა დნესტრისპირეთის რეგიონში კიდევ ექვსი საარჩევნო უბანი გახსნა.