ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსეთის მოქალაქეების 97%-მა ხმა მისცა ვლადიმერ პუტინს, განუცხადა სააგენტო Res-ს რუსეთის ე.წ. ელჩმა ალექსანდრე ჟუროვმა.
მისი თქმით, 12 უბანზე, საელჩოს წინასწარი მონაცემებით, ხმა 17-ათასამდე ამომრჩეველმა მისცა. რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის კანდიდატმა ნიკოლაი ხარიტონოვმა და "ახალი ხალხის" კანდიდატმა ვლადისლავ დავანკოვმა თითო პროცენტი მიიღეს, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ლეონიდ სლუცკიმ - 0,7%.
ე.წ პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა პუტინს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა. „თქვენი დაუღალავი შრომა ეკონომიკის განვითარების, უმუშევრობის შემცირებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, აღფრთოვანებასა და აღიარებას იმსახურებს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ხალხმა გააკეთა ერთადერთი სწორი არჩევანი, რისი წყალობითაც, ქვეყანა გააგრძელებს მიზნის მისაღწევად და კიდევ უფრო ძლიერი, წარმატებული და აყვავებული გახდება,“ - ნათქვამია მილოცვაში.
საერთაშორისო საზოგადოება ამ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს.
შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში, 15-17 მარტს მიმდინარეობდა. დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მასშტაბური დარღვევებით ჩატარდა, მათ შორის იყო საარჩევნო ურნებში ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა იძულება.
სამდღიანი კენჭიყრისას მოქალაქეების ნაწილი პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა. მათ შორის, არაერთ ქალაქში საარჩევნო ყუთებს საღებავი შეასხეს და უბნებზე ხანძარი გააჩინეს. რუსეთის შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მსგავს ფაქტებზე სისხხლის სამართლის 33 საქმე აღძრეს.
17 მარტს, კენჭისყრის ბოლო დღეს, რუსეთის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ". მისი ინიციატორები იყვნენ ციმბირის კოლონიაში 2024 წლის თებერვალში გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები.