საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ „ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი.“
მისივე თქმით, საზოგადოებაში არსებობს რადიკალიზაცია და პოლარიზაცია, რომლის „უფრო მეტად გამძაფრებაშიც ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“ ეხმარებიან.“
„მადლობა ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ნდობის გამოცხადებისთვის - გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია შეურაცხყო და უგულებელყო.
უპირველესად, დავიწყებ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მე ამაყი და ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა ამ ადამიანთან ერთად რომ მიწევს. დიდი მადლობა, რომ ეს ნდობა მომანიჭა. ასევე, მადლობა ჩემს თანამებრძოლებს, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ნდობის გამოცხადებისთვის. რა თქმა უნდა, გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას.
ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული. რადიკალიზაცია, პოლარიზაცია გაღვივებულია, მით უმეტეს, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“, ასევე ეხმარებიან, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამძაფრდეს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ჩვენ ძალიან გამართული კონსტიტუცია და ძალიან საპასუხისმგებლო პრეზიდენტის ინსტიტუტი გვაქვს. მთავარი მოცემულობაა, რომ სწორედ, ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი,“ - განაცხადა ყაველაშვილმა.
„საქართველოში ქართველებს არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ნამდვილად ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს. ამის საპირისპიროდ არის სიყვარული გამაერთიანებელი. გულწრფელად მინდა, გითხრათ, მკაფიოდ და დაგპირდეთ, ნამდვილად უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ქვეყანა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების გაერთიანებისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი ღირებულებები, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ საზოგადოება გავაერთიანოთ. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და უფრო მეტად ძლიერს გავხდით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ფარავდეს უფალი ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა ყაველაშვილმა.