საფრანგეთის ელჩი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა

21 ნოემბერს, საფრანგეთის ელჩი ქალბატონი შერაზ გასრი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდის თანხლებით, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ელჩი საბერიოში ე.წ. გადასასვლელ პუნქტთან და ენგურის ხიდზე იმყოფებოდა, რომლითაც ყოველდღიურად 2000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს.


საფრაგეთის საელჩოს განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების დაცვის უზრუნველსაყოფად და ადგილზე ვითარების ნორმალიზების ხელშესაწყობად.


იმავე დღეს, ელჩმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდთან ერთად მოინახულა ენგურჰესი - „1978 წლის ჰიდროელექტროსადგურის კონსტრუქცია, რომელზეც საფრანგეთი საქართველოსთან თანამშრომლობით აქტიურად მუშაობდა 2000-იანი წლების დასაწყისში.“


„ეს არის მსოფლიოში მეორე უმაღლესი თაღოვანი კაშხალი 270 მეტრზე მეტი სიმაღლის თავბრუდამხვევი კედლით, რომელიც დიდებულად დომინირებს ენგურის ხეობაზე. მისი წლიური წარმოება 4,3 მილიარდ კვტ/სთ-ს აჭარბებს და წარმოადგენს სუფთა და განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესანიშნავ მაგალითს, საერთო კეთილდღეობისთვის,“ წერს საფრანგეთის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.