ბათუმისა და ქუთაისის კერძო სკოლებში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებები შევიდა

ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესშიც“ შევიდა და სასწავლო პროცესი შეწყდა. შენობიდან განხორციელდა ევაკუაცია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, ტერიტორია შეისწავლეს კინოლოგებმა. ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობაში ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. კინოლოგები უკვე შენობის მეოთხე – ბოლო სართულს ამოწმებენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო ევაკუაცია გამოცხადდა ქუთაისში, კერძო სკოლა „პროგრესში.“


სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი შეწყდა, 800 მოსწავლე და პედაგოგები სკოლიდან გაიყვანეს.

როგორც სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მომხდარის შესახებ შეატყობინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პერიმეტრი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.

სკოლის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და სკოლაში ნაღმის არსებობა არ დადასტურდა.