NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება NATO-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე NATO-სთვის - რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება შეფერხებულია.
„გუშინ ბაქოში ვიყავი, დღეს თბილისში ჩამოვედი. ეს, პრინციპში, ასახავს იმას, რამდენად ვაფასებთ საქართველოს NATO-ში და ასევე, მივესალმები იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრძანდებოდით ბრიუსელში, მე ახლა თბილისში ვარ, ეს ადასტურებს, რომ ჩვენ აქტიური პოლიტიკური დიალოგი გვაქვს პარტნიორებს შორის.
საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი NATO-სთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი.
NATO განაგრძობს რუსეთისადმი მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება, რუსეთის მიერ „არჩევნების“ ორგანიზება საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში, სრულიად უკანონოა,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები აშკარად არც სამართლიანი და არც თავისუფალი“ იყო.
„საქართველო უსაფრთხოების კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას. უკრაინაში კი, ვითარება ბრძოლის ველზე მძიმე რჩება. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერება. NATO-ს მოკავშირეები 99% დახმარებას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მივესალმები, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს და უწევს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას. ამავდროულად, ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მეტი, რუსეთის აგრესიის ციკლის შესაჩერებლად,“ აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც ალიანსისთვის, ისე საქართველოსთვის.
„ჩვენს შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოება, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე, ალიანსისთვის. რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა საფრთხე შეუქმნა შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებას და საფრთხე შეუქმნა სურსათის გლობალურ დონეზე მიწოდებას.
მაგრამ, ჩვენი მხარდაჭერით, უკრაინამ უკან დახია - გაანადგურა ან დააზიანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი. უკრაინის წარმატებამ მოგვცა საშუალება, ხელახლა გახსნილიყო მარცვლეულის მიწოდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკისთვის და გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგმა თბილისში ვიზიტისას ასევე განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება NATO-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.
„NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან, უკვე ძლიერია. და დღეს ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ განვავითაროთ იგი კიდევ უფრო. იანვარში ჩვენ შევთანხმდით ახალ ინდივიდუალურად მორგებულ პარტნიორობის პროგრამაზე საქართველოსა და NATO-ს შორის პარტნიორობის გაღრმავების მიზნით. და მივესალმები მიღწეულ პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კრიზისის მენეჯმენტი, კიბერუსაფრთხოება და სამხედრო ინჟინერია.
რამდენიმე დღის წინ, ბათუმს თურქეთის ფლოტის ფრეგატი ეწვია, საქართველოს სანაპირო დაცვისთვის NATO-ს წვრთნების ფარგლებში. ეს არის ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვთანამშრომლობთ პრაქტიკულ დონეზე, რათა დაგეხმაროთ თქვენი საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაში, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მნიშვნელოვანია შავი ზღვისთვის და მნიშვნელოვანია NATO-სთვის. NATO თქვენ გვერდით დგას, როდესაც თქვენ აგრძელებთ თქვენს გზას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს ალიანსის წევრი.
ევროკავშირის მიერ მინიჭებული კანდიდატის სტატუსი არის უდიდესი შესაძლებლობა თქვენი სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად. და რასაც თქვენ აკეთებთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მჭიდროდ დაკავშირებულია (თანხვედრაშია, შეესაბამება) ძალისხმევასთან, რომ გახდეთ NATO-ს სრულფასოვანი მოკავშირე.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს შიდა რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებების და კანონის უზენაესობის გაძლიერება. თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის NATO-საქართველოს პარტნიორობის მიმართ,“ განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა, რის შემდეგაც ის ვიზიტით უკვე სომხეთში გაემგზავრება.