შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს, უმოკლეს ვადებში განუმარტონ საზოგადოებას, როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა.
როგორც ლომჯარია აღნიშნავს, მოსახლეობისთვის არ არის ნათელი ინფიცირების შემთხვევაში ბინაზე მკურნალობის წესები.
"არაერთი ინფიცირებული პირი აცხადებს, რომ დღეების განმავლობაში ვერ იღებს სამედიცინო დახმარებასა და კონსულტაციას. მოვუწოდებ მთავრობას და შესაბამის უწყებებს უმოკლეს ვადაში მოსახლეობას განუმარტონ კოვიდით დაინფიცირების დროს, როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა. უფრო ზუსტად, ვის და რა ვადაში ევალება დაუკავშირდეს პაციენტს; როგორი ფორმით და სიხშირით განხორციელდება პაციენტებზე ზედამხედველობა შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მიერ; რომელი კონკრეტული უწყებაა ამ პროცესზე ზედამხედველი, რათა პაციენტებმა შეძლონ არსებულ პრობლემებზე მისთვის ინფორმაციის მიწოდება და დროული დახმარების მიღება. გასცენ პირველადი სამედიცინო რჩევები, რითიც უნდა იხელმძღვანელოს ინფიცირებულმა თვითმკურნალობის დროს მანამ, სანამ ექიმი დაუკავშირდება", - აცხადებს ლომჯარია.