საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის საქმიანობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია.
პრემიერის თქმით, ხიდაშელთან იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც თებერვლიდან შეწყდა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ვერ დაინახა საჭიროება, ხიდაშელთან ეს შრომითი ურთიერთობა გაგრძელებულიყო.
„როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე დავით ხიდაშელს წვდომა არ ჰქონია. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საკუთარ გადაწყვეტილებებზე. საბოლოოდ, ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობა გვქონდა. იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც თებერვლიდან შეწყდა. ეს არის ის, რაც მოხდა,“ განაცხადა კობახიძემ.
კითხვას, არის თუ არა პრობლემა ევტუშენკოვთან კავშირები, კობახიძემ უპასუხა, რომ ამ თემაზე სპეკულაციები ზედმეტია.
ცნობისთვის, ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში მინისტრის მრჩევლად დავით ხიდაშელი მუშაობდა.
ეს ინფორმაცია ამავე ტელევიზიასთან საუბრისას, ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა.
მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა.
უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.