უკრაინის მხრიდან იერიშების გამო, რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან 9000-მდე ბავშვს სხვა რეგიონებში გადაიყვანენ. ამის შესახებ, როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს. გუბერნატორ გლადკოვის თქმით, 9000-მდე ბავშვს გაიყვანენ ქალაქ ბელგოროდიდან და ბელგოროდის, შებეკინოს და გრაივორონის რაიონებიდან. გლადკოვის თქმით, გასული ერთი კვირის განმავლობაში ბელგოროდის ოლქში დაიღუპა 16 და დაშავდა 98 ადამიანი.
რუსეთი ზედიზედ მერვე დღეა აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან გრძელდება ბელგოროდის ოლქზე შეტევ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დილით სარაკეტო შეტევა იყო გრაივორონის ოლქზე, სადაც სკოლის და საავადმყოფოს შენობები დაზიანდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღის პირველ ნახევარში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, ბელგოროდის ოლქში „გაანადგურეს“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ვამპირის“ 9 რეაქტიული ჭურვი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. სხვა წყაროებით ეს ცნობები არ არის დადასტურებული.
რუსეთის ხელისუფლებას ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსი“ და „ციმბირის ბატალიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. მოხალისეთა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში რამდენიმე ოპერაცია 2023 წელსაც ჩაატარეს.