ისრაელის პოლიცია ხელოვნური განაყოფიერებისთვის განკუთვნილი დაავადებული ემბრიონების საქმეს იძიებს. გავრცელებული ინფორმაციით, ემბრიონები, რომლებიც გენეტიკურ დეფექტს შეიცავდნენ, ისრაელში საქართველოდან შეიტანეს. საქართველოში მოქმედი სუროგაციისა და დონაციის სააგენტოების მომსახურებით უმეტესად, უცხოელი წყვილები სარგებლობენ.
ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ისრაელის პოლიციამ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად თვეების წინ დაიწყო.
რადიო თავისუფლება იუწყება, რომ საქართველოს პროკურატურის ცნობით, ისრაელმა საგამოძიებო უწყებას სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართა. როდის და კონკრეტულად, რა დახმარებას ითხოვდა ისრაელი და რა დახმარება გაუწია ქართულმა მხარემ, ამ დეტალებს პროკურატურა არ ასაჯაროებს.
გენეტიკური დაავადების მქონე ემბრიონების საქმეზე, რამდენიმე დღის წინ, თელ-ავივში ორი ექიმი - ინ ვიტრო განაყოფიერების კერძო კლინიკის მთავარი ექიმი და ერთ-ერთი კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი დააკავეს. 18 მარტს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექიმები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გამოძიება მათ თაღლითობასა და მძიმე დაავადების გავრცელებას ედავება. ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოდან წაღებული ემბრიონები ისრაელის მოქალაქეებს გადაუტანეს. ერთი ახალშობილი თანდაყოლილი დაავადებით გაჩნდა. მეორე ნაყოფი მკვდარი დაიბადა.
როგორც ისრაელის მედია იტყობინება, ამ დროისათვის, მხოლოდ სამი დაზარალებული ქალის შესახებ არის ცნობილი, თუმცა, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ემბრიონები გენეტიკური დაავადებით, შესაძლოა მეტ ქალს გადაუტანეს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან გაგზავნილი ემბრიონები შეიცავდნენ ჰემოფილია B-ის გენს.