ოქსფორდის უნივერსიტეტმა ტრადიციული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც გაეროს მხარდაჭერით და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის თანამშრომლობით მზადდება.
2024 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია. მეორე ადგილზეა დანია, მესამეზე - ისლანდია, მეოთხეზე - შვედეთი და მეხუთეზე - ისრაელი. ბოლო, 143-ე ადგილზე ავღანეთია.
ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო 91-ე ადგილზეა.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საქართველოზე უფრო ბედნიერი სომხეთია (82). აზერბაიჯანი 101-ე ადგილზეა.
ფინეთი ზედიზედ რამდენიმე წელია, პირველ ადგილზეა. ფინელები ყველაზე ბედნიერი იყვნენ კორონავირუსის პანდემიის დროსაც.
ანგარიშის არსებობის ისტორიაში პირველად, ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია წელს აღარ არიან ბედნიერი ქვეყნების პირველ ოცეულში. მათი ადგილები დაიკავეს კოსტა-რიკამ და ქუვეითმა.
ანგარიშს საფუძველად საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის, Gallup-ის მიერ მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები დაედო. ბედნიერების ხარისხი განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის, ცხოვრების საშუალო დონით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, სოციალური მხარდაჭერით, შემოსავლების დონით, ჯანმრთელობით და ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებლით. ანგარიში 2012 წლიდან მზადდება. 20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა.