აშშ-ის საჰაერო ძალებმა ჰიპერბგერითი იარაღი გამოსცადა

აშშ-ის საჰაერო ძალებმა ჰიპერბგერითი იარაღი წარმატებით გამოსცადა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის საჰაერო ძალებმა გამოცდა კვირას ჩაატარეს, მას შემდეგ, რაც ბომბდამშენი B-52 გუამიდან აფრინდა და ARRW სწრაფი რეაგირების რაკეტა გაუშვა. აშშ-ის საჰაერო ძალებს ჰიპერბგერითი იარაღის ფრენის სიჩქარის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.


ცნობისთვის, აშშ ერთადერთი სახელმწიფო არ არის, რომელიც ჰიპერბგერითი იარაღის განვითარებაზე მუშაობს.

ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა ჰიპერბგერითი რაკეტა უკრაინაში გამოიყენა, ხოლო ჩინეთმა გასული წლის ოქტომბერში ჰიპერბგერითი იარაღის გამოცდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.