შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
მთვრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს შიდა ქართლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები.
ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას; აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ შაყულაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ 8 მარტს განაცხადა.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი, ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა. შსს-ს ცნობით, ამ დრომდე მას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ლაშა გოგნიაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.