ვახტანგ გომელაური: რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64%-ს აღემატება - შემცირებულია მკვლელობები

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას სტატისტიკურ მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64%-ს აღემატება.

„2023 წელს, დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია გაგრძელდა. რეგისტრირებული დანაშაულის გახსნა 64%-ს აღემატება. ასევე გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენციაც. შემცირებულია ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულების ფაქტები, როგორიც არის მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები, ასევე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


მისი თქმით, „კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ქართველი სამართალდამცავების წარმატებით მუშაობას ასახავს, არის ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიში, რომლის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით, 2023 წელსაც საქართველო მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საფეხურზეა.“