თურქეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაცვის ახალ სქემაზე შეთანხმდა, წერს თურქული გაზეთი Hürriyet.
მანამდე ვაშინგტონმა თურქული კომპანიების მიმართ შეზღუდვები წარადგინა, თუ ისინი რუსეთთან კომერციულ კავშირში იქნებიან შემჩნეულნი, თუმცა, ვაშინგტონი ჯერ ანკარას შეატყობინებს თავისი ეჭვების შესახებ და საჭირო ინფორმაციას მოითხოვს.
„თურქეთმა, თავის მხრივ, დადო პირობა, რომ გამოძიებებს შეერთებული შტატების მოთხოვნით ჩაატარებს და მისი შედეგების შესახებ ვაშინგტონს აცნობებს. ასევე, „საჭიროების შემთხვევაში“, ანკარა თავად მიიღებს ზომებს რუსეთთან თანამშრომლობაში შემჩნეული კომპანიების წინააღმდეგ,“ წერს Hürriyet.
მარტის დასაწყისში რამდენიმე თურქმა ბიზნესმენმა შეერთებული შტატები რუსეთთან ვაჭრობისთვის მეორადი სანქციების დაწესების მუქარაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ უჩივლებდა ამერიკელ ოფიციალურ პირებს. მათივე ინფორმაციით, სტამბოლის გენერალურ საკონსულოში მომუშავე აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის თანამშრომლები თურქულ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს რუსეთთან ტრანზაქციების შეწყვეტის მოთხოვნით ეწვივნენ.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფირმები, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, აშშ-ს ფინანსურ სისტემაზე წვდომის დაკარგვის რისკის ქვეშ არიან.
„ამავდროულად, ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ბიზნესს აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფთა სახელით აწარმოებენ, რისკის ქვეშ არიან,“ ნათქვამია განკარგულებაში.
შედეგად, იანვარში თურქეთიდან რუსეთში ექსპორტი 39%-ით შემცირდა, იტყობინება Reuters-ი.
წლის პირველ თვეში თურქულმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარს 631 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი მიაწოდეს, 2023 წლის იანვარში თითქმის 1 მილიარდ დოლართან შედარებით.
რიგ საქონელთან დაკავშირებით ვაჭრობა მთლიანად შეჩერებულია, კერძოდ, შეჩერებულია ტექნიკის ექსპორტი, რადგან ის სამხედრო აღჭურვილობას წააგავს, განუცხადა Reuters-ს ინფორმირებულმა წყარომ.
გასული წლის ბოლოს თურქეთმა რუსეთს რეკორდული 10,9 მილიარდი დოლარის საქონელი მიაწოდა - ორჯერ მეტი ვიდრე უკრაინის ომამდე. მან ასევე მკვეთრად გაზარდა რუსული ნავთობის შესყიდვები, რომელმაც 2022 წელს 12 მილიონი ტონა, ხოლო გასული წლის იანვარ-ნოემბერში თითქმის 9 მილიონი - შეადგინა.