სიკორსკიმ უკრაინაში დასავლელი ჯარისკაცების ყოფნა დაადასტურა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინაში დასავლელი ჯარისკაცები იმყოფებიან. როგორც ბრიტანელი, ასევე ფრანგი სამხედროები უკრაინაში არიან, რათა, მაგალითად, „Storm Shadow-“ს ტიპის ბრიტანული ფრთოსანი რაკეტების დამიზნებისას რჩევები მისცენ კოლეგებს.


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ პოლონეთი არ აპირებს უკრაინაში თავისი სამხედროების გაგზავნას.

მან განმარტა, რომ უკრაინას და პოლონეთს 400 წელიწადი ჰქონდათ საერთო სახელმწიფო და ამიტომ, პოლონელი სამხედროები უკრაინის მიწაზე კრემლისთვის იოლი პროპაგანდისტული საკვები იქნება.


NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი.


8 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლეთის სახელმწიფოების ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ რაღაცის არგამორიცხვა მის გაკეთებას არ ნიშნავს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მაკრონის სიტყვების უკან კარგი ზრახვებია.

რადოსლავ სიკორსკის თქმით, უკრაინაში NATO-ს ძალების ყოფნა "არ არის წარმოუდგენელი" და, რომ ის აფასებს საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან ამ იდეის არგამორიცხვას.

მაკრონმა 17 მარტს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა შესაძლოა, საჭირო გახდეს.