აშშ-ის მთავრობა არუნაჩალ პრადეშს ინდოეთის ნაწილად აღიარებს და "მტკიცედ ეწინააღმდეგება" ტერიტორიული პრეტენზიების ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჩინეთის საზღვართან მდებარე ამ შტატზე. შესაბამისი კომენტარი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ნიუ დელი უარყოფს პეკინის პრეტენზიას და ამბობს, რომ არუნაჩალ პრადეში ყოველთვის ინდოეთის ნაწილი იყო. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი „აბსურდულ პრეტენზიებს“ აყენებს არუნაჩალ პრადეშის მიმართ და რომ ის ყოველთვის იქნება „ინდოეთის განუყოფელი და განუყოფელი ნაწილი.“
ბირთვული იარაღის მქონე ორ მეზობელს შორის ურთიერთობები გაუარესდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის ივნისში, ლადახის რეგიონში, სადავო საზღვარზე ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა, რის შემდეგაც, 20 ინდოელი და ოთხი ჩინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ შეტაკებების შემდეგ, ორივე ქვეყნის სამხედროებმა პოზიციები გაამაგრეს და საზღვრის გასწვრივ დამატებითი ჯარები და აღჭურვილობა განათავსეს. ორივე მხარე 1962 წელს იბრძოდა სასაზღვრო ომში.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში შეერთებულმა შტატებმა და ინდოეთმა ორმხრივი კავშირები, აზიისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონებში ჩინეთის მზარდი გავლენის დასაძლევად გააძლიერეს. შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს წლების განმავლობაში აქვთ დაძაბული ურთიერთობები ისეთი საკითხების გამო, როგორიცაა, სავაჭრო ტარიფები, COVID-19-ის პანდემიის წარმოშობა, ადამიანის უფლებები, ტაივანი, ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების კანონი ჰონგ კონგში და სხვა.
ინდოეთმა გასული წლის აგვისტოში ჩინეთს მტკიცე პროტესტი გამოუცხადა ახალი რუკის გამო, რომლის თანახმადაც, პეკინი „ინდოეთის ტერიტორიაზე აცხადებს პრეტენზიას.“ შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ნიუ-დელის პროტესტი მოჰყვა ინდურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პეკინმა გამოაქვეყნა ოფიციალური „სტანდარტული რუკა", რომელშიც „ინდოეთის შტატი, არუნაჩალ პრადეში და აქსაიჩინის პლატო ჩინეთის ოფიციალურ ტერიტორიად არის გამოცხადებული.“ პეკინი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ჰიმალაის არუნაჩალ პრადეში სამხრეთ ტიბეტის ნაწილია.
აქსაიჩინი არის სადავო პლატო დასავლეთ ჰიმალაის მთებში, რომელზეც ინდოეთი აცხადებს პრეტენზიას, მაგრამ მას ჩინეთი აკონტროლებს.