დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში: თუ ქვეყნიდან მოქალაქეები გარბიან, თბილისში რატომ არის ამხელა საცობი?

„ხალხის ძალის” დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიცია დეზინფორმაციას ავრცელებს, მათ შორის, ქვეყნიდან ხალხის გადინების საკითხზე.

როგორც მან აღნიშნა, ტყუილია, თითქოს მოსახლეობა ქვეყნიდან მასობრივად გადის.


„მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიანო, 800 ათასი მოქალაქე გაიქცაო. მეგობრებო, აბსოლუტური ტყუილი, უსინდისო, უწიგნური და არაფერს დაფუძნებული ტყუილია. 800 ათასი მოქალაქე დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ერთად აღებული ყველა ხელისუფლების დროს არ გასულა ქვეყნიდან ისე, რომ უკან არ დაბრუნებულიყო, მაგრამ სპეკულირებენ, ამდენი ადამიანი გავიდაო. სხვათა შორის, ქვეყნიდან გასვლა დანაშაული არ არის, მაშინ გამოვაცხადოთ საბჭოთა კავშირი და საზღვრები ჩაკეტოთ. ვიზალიბერალიზაცია რატომ მივიღეთ? იმიტომ,რომ გავაადვილოთ. როცა ქვეყნიდან გადიან ადამიანები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა გარბის,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 5-ჯერ მეტი ადამიანი გადიოდა ქვეყნიდან.

„ჩემი ოჯახის წევრიც არის წასული, ძალიან ბევრი ჩემი მეზობელი და მეგობარიც, მაგრამ მაშინ ამაზე არავინ საუბრობდა. დღეს ყველა ტელევიზიაში, ყველა საინფორმაციოში, მით უმეტეს, ოპოზიციურში ერთი და იმავე ინფორმაცია ტრიალებს, რომ მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. თუ გარბიან, მაშინ თბილისში რატომ არის ამხელა საცობი?!“ - განაცხადა ხუნდაძემ.