საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
დაღუპულია 60 ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა კი 100-ს აჭარბებს. მათ შორის, 5 ბავშვია. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.
გავრცელდა ცნობები, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, ISIS-მა აიღო. ამერიკული გამოცემები The New York Times-ი და CBS News-ი როგორც წყაროებზე დაყრდნობით წერენ, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელია ISIS-ის ერთ-ერთი განშტოება - ე.წ. ხორასანის ვილაიეთი.
BBC წერს, რომ ამ ცნობას დამოუკიდებლად ვერ ამოწმებს და მიუთითებს, რომ ხშირად ISIS-ს მიერ პასუხისმგებლობის აღება სიყალბეა.