"თითოეული გაუკეთებელი პირბადე ინფიცირების რაოდენობის ზრდას ნიშნავს"

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვინდა, რომ მოსახლეობას ვუთხრათ - ინფიცირების გაზრდილი რაოდენობა პირდაპირ არის დაკავშირებული წესების დარღვევასთან და ამას ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული გაუკეთებელი პირბადე, დაუცველი დისტანცია ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იმაზე უკეთ არის მომზადებული, ვიდრე ეს იყო გუშინ, ამის მიუხედავად, ეს რესურსები ამოუწურავი არ არის. ამიტომ, პასუხისმგებლობა არის თითოეულ მოქალაქეზე. ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, გვქონდა დარღვევის არაერთი შემთხვევა, გვქონდა შემთხვევები, როდესაც ცალკეული, კერძო ობიექტები, სხვადასხვა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე დადგენილ რეგულაციებს, რაც გულისხმობს, მაგალითად 22:00 საათის შემდგომ რესტორნების და კაფე-ბარების მუშაობის შეჩერებას, ამ პერიოდში მუშაობას განაგრძობდნენ სხვადასხვა კონტექსტით და სხვადასხვა მიზნებით, რაზეც შრომის ინსპექციამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა რეაგირება. ამ ნაწილში, სახელმწიფო იქნება საკმაოდ მკაცრი. თუ ვინმეს წარმოდგენა აქვს ისეთი, რომ ასეთი ქმედებებით სახელმწიფოს უდგას ჯიბრში, ეს ადამიანები ჯიბრში უდგანან საკუთარ მოქალაქეებს და ეთამაშებიან მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც, რაზეც ბუნებრივია, სახელმწიფოს ექნება რეაქცია“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.