ქართველ ბერებზე ფილმი რამდენიმე ენაზე ითარგმნა - Europetime რეჟისორს ესაუბრა

ქართველი ბერების ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის ნახვა ვიდეო პლატფორმა Vimeo-ს მომხმარებლებს შეუძლიათ. ნამუშევარი რამდენიმე ენაზე (ინგლისური, რუსული), მათ შორის ბერძნულადაც ითარგმნა.

სიახლის შესახებ Europetime-ს თავად ფილმის ჰოლივუდელმა რეჟისორმა და ფოტოგრაფმა ჯეიმს ჰიგინსონმა უამბო. ემის მფლობელი ჯეიმს ჰიგინსონი წლების წინ საქართველოში, ფილმზე მუშაობის დროს იმყოფებოდა.

ფილმის გადაღებები ძამის ხეობაში, რუის-ურბნისის ეპარქიაში 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც რეჟისორი განმარტავს, ფინანსური რესურსის მოძიებაზეც თავად ზრუნავდა და სწორედ ამან განაპირობა მასზე მუშაობის გახანგრძლივება. ჯერჯერობით ფილმის პრემიერა ვერც თბილისში გაიმართა და ვიდეო მხოლოდ ინტერნეტ მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. „ღვთის მსახურები“ ჯერ არც ტელევიზიით უჩვენებიათ.

„სატელევიზიო პრემიერა ახლა ყველაზე კარგი იქნებოდა იქედან გამომდინარე, რომ პანდემიის გამო კინოთეატრებში ჩვენება გამორიცხულია. ჯერჯერობით განვაგრძობ ვიდეოს შეთავაზებას ვიდეო პლატფორმა Vimeo-სთვის და მომხმარებლებისგან ძალიან კარგი გამოხმაურება მივიღეთ სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

გვთხოვენ სატელევიზიო პრემიერასაც...ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში ჩამოსვლას და ჩემი გეგმების განხორციელებას ისევ შევძლებ. ეს საოცარი ქვეყანაა ძალიან თბილი ხალხით... მაქვს რამდენიმე იდეა დოკუმენტური ფილმისთვის, თუმცა ეპიდვითარებიდან გამომდინარე რთულია პროგნოზების გაკეთება, როდის შევძლებთ თავისუფლად მოგზაურობას“, - ამბობს ჯეიმს ჰიგინსონი.

ჯეიმს ჰიგინსონის თქმით, განდეგილ ბერებზე დოკუმენტურმა ფილმმა რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოც მოიპოვა.