დასავლელმა ლიდერებმა საჯაროდ დაგმეს მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა, რომლის დროსაც, სულ მცირე 115 ადამიანი დაიღუპა.
„გაერთიანებული სამეფო მკაცრად გმობს მოსკოვის მახლობად მომხდარ სასიკვდილო ტერორისტულ თავდასხმას. ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ და ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებთ მრავალი დაღუპულის ოჯახებს. ვერაფერი გაამართლებს ასეთ საზარელ ძალადობას,“ აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი.
„ჩვენ ვგმობთ საშინელ ტერორისტულ თავდასხმას, რომელიც მოსკოვის მახლობლად, კონცერტის უდანაშაულო მონაწილეების წინააღმდეგ მოხდა. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაშავებულთანაა,“ ამბობს თავის მხრივ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ასევე გმობს წუხანდელ „ტერორისტულ თავდასხმას.
მისი სპიკერის თქმით, გუტერეში „ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაღუპულთა ოჯახების, ხალხისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიმართ.“
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს Crocus City Hall-ზე თავდასხმის გამო სამძიმარი გამოუცხადა. იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua.
ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება ტერორიზმის ყველა ფორმას, მტკიცედ გმობს ტერორისტულ თავდასხმას და მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის მთავრობის ძალისხმევას, დაიცვას თავისი ეროვნული უსაფრთხოება და სტაბილურობა.
იმავდროულად, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაგმო "საშინელი ტერორისტული თავდასხმა" და დასძინა Twitter/X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომ მისი ქვეყანა "სოლიდარულია რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და ხალხისადმი, ამ მწუხარების დროს."
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო მოსკოვის მახლობლად მომხდარს, გუშინ, 22 მარტს, თავდასხმიდან მალევე გამოეხმაურა.
„ევროკავშირი შოკირებული და შეძრწუნებულია მოსკოვის Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ ცნობებით. ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრები რუსეთის ყველა დაზარალებულ მოქალაქესთანაა,“ წერს სტანო სოციალურ პლატფორმა X-ზე.
გაეროს უშიშროების საბჭომ პარასკევს ასევე მკაცრად დაგმო ტერორისტული თავდასხმა.
საბჭოს წევრებმა თანაგრძნობა“ გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს, ხოლო დაშავებულებს უსურვეს სწრაფი და სრული გამოჯანმრთელება. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ტერორიზმი ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით წარმოადგენს „ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს“ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, რომ „ამ ტერორისტული აქტების დამნაშავეები, ორგანიზატორები, დამფინანსებლები პასუხისგებაში მიეცნენ," საბჭომ მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, ამ კონტექსტში ითანამშრომლონ რუსეთთან და სხვა შესაბამის ორგანოებთან.
დღეს, 23 მარტს, დილით გავრცელებული განცხადებით, საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ.
შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ.