კიმ ჩენ ინი: ჩვენი ხალხი საკუთარ ტკივილად მიიჩნევს მეგობარი რუსი ხალხის უბედურებასა და მწუხარებას

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში, საკონცერტო დარბაზზე მომხდარი თავდასხმის გამო სამძიმარს უცხადებს.

ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) ცნობით, კიმმა „ღრმა სამძიმარი და თანაგრძნობა გამოუცხადა“ ვლადიმერ პუტინს, რუს ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს „მოსკოვის ოლქში განხორციელებული ფართომასშტაბიანი ტერაქტის შედეგად გამოწვეული მძიმე მსხვერპლის გამო.“


კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ეწინააღმდეგება "ყველა სახის ტერორიზმს და ვერაფერი გაამართლებს საშინელ ტერორიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს".

„ჩვენი ხალხი საკუთარ ტკივილად მიიჩნევს მეგობარი რუსი ხალხის უბედურებასა და მწუხარებას,“ - აცხადებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი.


შეგახსენებთ, მოსკოვთან მდებარე Crocus City Hall-ზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოთხი ადამიანი უშუალოდ თავდასხმაში მონაწილეობდა.


BBC ამერიკულ CBS-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) სურდა რუსეთისთვის დარტყმის მიყენება.