თეთრი სახლი მოსკოვთან თავდასხმაზე: ეს იყო ტერაქტი და მომხდართან უკრაინას კავშირი არ აქვს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭო აცხადებენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ზე თავდასხმის უკან უკრაინა დგას.

„არავითარი მტკიცებულება არ არსებობს - და სინამდვილეში, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ რეალურად, ყველა მონაცემით, მომხდარზე პასუხისმგებელი „ისლამური სახელმწიფოა,“ - განაცხადა ჰარისმა ABC News-თან ინტერვიუში. მისი თქმით, მომხდარი ტერორისტული აქტია.


„რაც მოხდა, არის ტერორისტული აქტი და დაღუპულთა რიცხვი აშკარად ტრაგედიაა და ჩვენ ყველამ უნდა გამოვუცხადოთ სამძიმარი ამ ოჯახებს,“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მანამდე, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა ედრიენ უოტსონმაც განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკისრება და უკრაინას საერთო არაფერი აქვს მომხდართან.


„მარტის დასაწყისში აშშ-ის მთავრობამ რუსეთს გაუზიარა ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ. ჩვენ ასევე გავუგზავნეთ საჯარო რჩევა რუსეთში მცხოვრებ ამერიკელებს 7 მარტს. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-ს ეკისრება. არანაირი უკრაინის მონაწილეობა არ ყოფილა,” - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა.


შეგახსენებთ, მოსკოვთან მდებარე Crocus City Hall-ზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოთხი ადამიანი უშუალოდ თავდასხმაში მონაწილეობდა.


BBC ამერიკულ CBS-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) სურდა რუსეთისთვის დარტყმის მიყენება.