კულება: პუტინი პათოლოგიური მატყუარაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ პუტინი პათოლოგიური მატყუარაა, მათ შორის ახლაც ცრუობს, როდესაც ის სასოწარკვეთით ცდილობს, უკრაინა ან სხვა დასავლური ქვეყნები მოსკოვის მახლობლად განხორციელებულ მასობრივ სროლას დაუკავშიროს, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ასეთი ბრალდებების დასადასტურებლად.


მისი თქმით, პუტინმა იცრუა 1999 წელს კორპუსში მომხდარი აფეთქებების შესახებ, ასევე, 2000 წელს „კურსკის“ კატასტროფაზე, 2004 წელს ბესლანის სკოლის ალყაზე, პოლიტკოვსკაიას, მაგნიტსკის, ნემცოვის და ბევრი სხვა კრიტიკოსის მკვლელობების შესახებ, უკრაინაში შეჭრის გეგმებზე და სხვა.

„ნუ დაუშვებთ, რომ პუტინმა და მისმა მიმდევრებმა მოგატყუონ. მათი ერთადერთი მიზანია, მეტ რუსს მისცენ მოტივაცია იმისთვის, რომ დაიხოცონ უკრაინის წინააღმდეგ უაზრო და კრიმინალურ ომში და აღძრან კიდევ უფრო მეტი სიძულვილი სხვა ერების, არამხოლოდ უკრაინელების, არამედ, მთელი დასავლეთის მიმართ,“ - წერს კულება.


შაბათს, 23 მარტს ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში ისაუბრა Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა პირი დაკავებულია. პუტინის თქმით, ტერორისტები დაკავებამდე მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათთვის უკრაინის მხრიდან თითქოს, მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად.

მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. ბოლო ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 133 ადამიანი. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მსხვერპლის რიცხვი ალბათ გაიზრდება.