ლატვიის პრეზიდენტმა ედგარდს რინკევიჩსმა მოუწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს, მეტი ძალისხმევა გასწიონ და მოემზადონ რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო დაპირისპირებისთვის; განიხილონ ყველა შესაძლო ვარიანტი - გაწვევის დაბრუნებიდან და თავდაცვის სპეციალური გადასახადიდან სამხედრო ხარჯების მკვეთრ ზრდამდე. კერძოდ, რინკევიჩსმა უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები უნდა დაუბრუნდნენ ცივი ომის ხარჯების დონეს და განიხილონ სამხედრო სავალდებულო სამსახურის დაბრუნება, რათა შეიარაღებულ ძალებში პერსონალის რაოდენობა გაიზარდოს.
ამავდროულად, ლატვიის პრეზიდენტმა აღიარა, რომ უმჯობესია სრული პროფესიული შეიარაღებული ძალების ყოლა და გაწვევა შეიძლება, არაპოპულარული აღმოჩნდეს, მაგრამ სამხედროები მთელ ევროპაში აწყდებიან რეკრუტირების სირთულეებს და პროექტი ხელს შეუწყობს უფრო ქმედუნარიანი სარეზერვო ძალების შექმნას რუსეთის შეკავების მიზნით.
"არავის სურს ბრძოლა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არავის სურს თავდასხმა. და არავის სურს აქ განმეორდეს უკრაინის სიტუაცია," - დასძინა რინკევიჩსმა.
შეგახსენებთ, რომ იანვარში ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა აღმოსავლეთ საზღვარზე ბალტიისპირეთის ერთობლივი თავდაცვის ზონის შექმნას მხარი დაუჭირეს.
ლატვიის მთავრობამ ასევე დაამტკიცა აღმოსავლეთ საზღვრის სამხედრო გაძლიერებისა და ანტიმობილურობის გეგმა, რომელზეც 303 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავენ.